გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება - სწავლების შედეგზე ორიენტირებული არჩევანი
იოსებ ნონეშვილმა თქვა: „ქვეყნად არცერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა“. რთულია არ დაეთანხმო. ასევე რთულია იყო XXI საუკუნის მასწავლებელი, შეძლო მოსწავლეთა დაინტერესება და მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
თანამედროვე სწავლების მეთოდების უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოსწავლეთა დაინტერესება და მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, არის კვლევაზე დაფუძნებული სწავლება. ბიოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად მისი მთავარი პრინციპი, ისევე, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრინციპი, არის მოვლენათა გამომწვევი უცნობი მიზეზების მუდმივი ძიება და კვლევა.
სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის დანერგვა მოსწავლეებს უვითარებს ისეთ უნარებს, რომელთა საშუალებითაც მარტივად ახდენენ პრობლემის იდენტიფიკაციას; სვამენ კითხვებს; ახდენენ ჰიპოთეზის ფორმულირებას, განსაზღვრავენ ექსპერიმენტის მსვლელობის ეტაპებს; ახდენენ მონაცემთა შეგროვებას და ანალიზს; გამოაქვთ დასკვნები შესასწავლი საკითხის შესახებ.
„სწავლა არის პროცესი, სადაც ცოდნა იქმნება გამოცდილების ტრანსფორმირების გზით“ - თქვა დევიდ კოლბმა. დევიდ კოლბი თავის ნაშრომში სწავლა-სწავლების სტილის შესახებ, გვთავაზობს ციკლურ მოდელს და აღწერს სწავლის სტილის დინამიკას.
დევიდ კოლბის სწავლის ციკლი
დევიდ კოლბის ციკლი არის სწავლის ოთხეტაპიანი ციკლი და მოიცავს ოთხ დამოუკიდებელ სწავლის სტილს. კოლბის სწავლის თეორია ძირითადად მსწავლელის შინაგან კოგნიტურ პროცესებს ეხება.
კოლბის სწავლის ციკლი მოიცავს ოთხ მნიშვნელოვან ფაზას. ესენია: გამოცდილების ფაზა, გაზიარების ფაზა, დასკვნების გამოტანის ფაზა და გამოყენების ფაზა.
გამოცდილების ფაზა გულისხმობს პრაქტიკულ აქტივობას, რომლის დროსაც ფიქსირდება ახალი გამოცდილება. ამ ფაზის მიმდინარეობისას მოსწავლე ხედავს, გრძნობს, ყნოსავს, ეხება, აკვირდება, უშუალოდ აკეთებს და ა.შ. უნარები, რომელიც ამ დროს მოსწავლეებს უვითრდებათ არის სითამამე, საკუთარი ძალების რწმენა, დისციპლინა და დამჯერობა.
გაზიარების ფაზა გულისხმობს ანალიზს, თუ რისი შესწავლა შეიძლება მიღებული გამოცდილებით და განსაზღვრავს თუ რა არის გამოყენებადი მიღებული გამოცდილებიდან. ამ ფაზაზე მოსწავლეები განიხილავენ მიღებულ გამოცდილებას და იკვლევენ მიღებულ შედეგებს, რაც თავის მხრივ მათ უვითარებს საკუთარი ძალების რწმენას და შემოქმედებითობის უნარს.
დასკვნების ფაზა მოიაზრებს მიღებული ცოდნის გააზრებას სისტემურად და კონტექსტუალურად. ამ ფაზაზე მოსწავლეები განაზოგადებენ დაკვირვებებს და უკავშირებენ მათ თეორიულ ცოდნას. ამ დროს მოსწავლეებში ძლიერდება თავდაჯერებულობა და გამბედაობა.
გამოყენების ფაზა რეალობაში ამოწმებს ახალ უნარებს. ამ ფაზაზე ხდება მომავალი ნაბიჯების დაგეგმვაც. გამოყენების ფაზის მიმდინარეობისას ვითარდება პრაქტიკული აზროვნება და მოსწავლე სწავლობს თავისი ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას.
სწავლის ციკლი შეიძლება ნებისმიერი ზემოთ მოცემული წერტილიდან დაიწყოს და შემდეგ განვითარდეს უწყვეტი სპირალის სახით. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ სწავლის პროცესი იწყება მაშინ, როდესაც პიროვნება გარკვეული მოქმედების დროს დაინახავს ამ მოქმედების შედეგს კონკრეტულ სიტუაციაში. შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს ამ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე მიღებული შედეგების გაგება/გააზრება, ანუ თუ იგივე მოქმედება განხორციელდება იმავე გარემოებაში, მოსალოდნელია ისეთივე შედეგების მიღება. ამ შაბლონის მიხედვით მესამე ნაბიჯია კონკრეტული მაგალითის ზოგადი პრინციპების გაგება.
საგაკვეთილო პროცესში დაგეგმილი კვლევებისთვის ასევე კარგად გამოყენებადი მეთოდი არის კონტროლირებადი კვლევის მეთოდი, რომელიც მოიცავს სამ ფაზას. ესენია: მეხსიერებაში აღდგენის ფაზა, მნიშვნელობის გააზრების ფაზა და რეფლექსიის ფაზა. თითოეული ფაზა კვლევის მიმდინარეობისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მეხსირებაში აღდგენის ფაზა ძალიან გავს კოლბის ციკლის გამოცდილების ფაზას; მნიშვნელობის გააზრების ფაზა - გაზიარებისა და დასკვნის ფაზებს, ხოლო რეფლექსიის ფაზა კი - კოლბისეულ გამოყენების ფაზას.
ქვემოთ ჩამოთვლილია კითხვები, რომელთა გამოყენებაც კვლევითი გაკვეთილის თითოეული ფაზის მსვლელობისას მიზნის მიღწევას ამარტივებს.
მეხსიერებაში აღდგენის ფაზა:
- რას გრძნობდით აქტივობის დროს ? ახლა რას გრძნობთ?
- რა დაინახეთ? როგორ დაინახეთ? რა იყო თქვენი პირველი რეაქცია?
- რას ნახავდა სხვა რომ ყოფილიყო თქვენს ადგილას?
- რა გააკეთეთ? როგორ მოიქეცით?
- რა არჩევანი გქონდათ? არსებობს სხვა შესაძლებლობა?
- არის თუ არა რამე ისეთი, რაც ჰგავს თქვენს წინა გამოცდილებას / ცოდნას? რატომ?
მნიშვნელობის გააზრების ფაზა:
- რა დასკვნებს გამოიტანდით შეძენილი გამოცდილებიდან?
- რა ისწავლეთ ისეთი, რაც მომავალში გამოგადგებათ?
- როგორ უკავშირდება ეს ყოველდღიურ ცხოვრებას?
- რა ხდება, თუ ყველა უნარი და ცოდნა, რომელიც კლასში მიიღეთ არ არის გამოყენებადი ყოველდღიურ ცხოვრებაში?
რეფლექსიის ფაზა:
- რა ინფორმაცია გადაეცემა ამ აქტივობით და არა? რატომ?
- როგორ მოგეწონათ აქტივობა? რატომ?
- რა არის მთავარი მესიჯი მომავლისთვის?
- რას გააკეთებდით განსხვავებულად?
- რა უნარები გამოიყენეთ იდეების გენერირების დროს?
- რა დამატებითი ინფორმაცია / აქტივობა გჭირდებათ მიზნის სრულად მიღწევისთვის?
ბიოლოგიის დოქტორი: მარინე ჭელიძე
წყარო : http://likaturman.blogspot.com/2015/12/blog-post_12.html
წყარო : http://likaturman.blogspot.com/2015/12/blog-post_12.html
Comments
Post a Comment