“დაიჭირე ფიქრი” - თვითცნობიერება და მისი შესაძლებლობანი


ადამიანს თუ ადამიანად რამე აქცევს, ერთ-ერთი დანამდვილებით ფიქრის უნარია, რითაც იგი დედამიწის ნებისმიერ სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებაში ევოლუციის ყველაზე მაღალ საფეხურზე იმყოფება. ამ უნარის მეშვეობით ჩვენ ვართ არა მხოლოდ ცნობიერი არსებები, არამედ შეგვიძლია ვიყოთ ასევე თვითცნობიერნიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ მოვლენებზე, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ საკუთარ ფიქრებზე.
ეს მცირე ესეც სწორედ ასეთ ფიქრებს წარმოადგენს, რომელიც ძირითადად შეეხება არა თავისთავად ფიქრის არსს, არამედ მის გამოვლინებებს, გარკვეულ თვისებებსა და შესაძლებლობებს.
ბერძნებს თავიანთი მითოლოგიის პანთეონში ჰყავდათ ყველასათვის ცნობილი და ალბათ ბევრისათვის ერთ-ერთი საყვარელი ღვთაება ჰერმესი, რომელსაც პოეტები ახასიათებდნენ როგორც ფიქრზე უსწრაფესს. ეს ეპითეტი, ცხადია, ჰერმესზეც ბევრს ამბობს, მაგრამ ასევე ბევრს ამბობს თავად ფიქრზეც, რომელიც თურმე ისეთი სწრაფი ყოფილა, რომ მასზე კიდევ უფრო მეტი სისწრაფე თავად ღვთაების ნიშანი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. მითოლოგიის მოშველიების გარეშეც ეს მცირედი დაკვირვებითაც საკმაოდ ადვილად შესამჩნევია. თუკი ოდესმე ვინმეს უცდია, მაგალითად, ფიქრების გაჩერება ადვილად შეუმჩნევია მისი სირთულე და სისწრაფე.
ადვილად შეუმჩნევია, როგორი სიჩქარით ენაცვლება ერთი მეორეს. თუკი ოდესმე ვინმეს ყურადღება გაუმახვილებია საკუთარ ფიქრებზე, ადვილად ეცოდინება თუ როგორ წამიერად ხდება უამრავი მათგანის გაელვება, რომელნიც ხშირად წამებშივე ცვლიან ჩვენს განწყობებს. ალბათ ყოველი ჩვენგანი გაცილებით ბედნიერი, ძლიერი და ლაღი იქნებოდა მათი მოთოკვა რომ შეძლებოდა, ვინაიდან თუკი მათ დავუჯერებთ ვინც ეს შეძლო, ეს ჩვენს თვალწინ სრულიად სხვა რეალობასა და შესაძლებლობებს ხსნის.
ფიქრების ამგვარი სწრაფი ბუნება პირველ რიგში, ალბათ, სწორედ იმას გვეუბნება, რომ მისი წყარო და მოქმედება მუდმივ ქმედითობასა და აქტიურ მდგომარეობაშია. ცხადია, ეს ეხება სიფხიზლისა და ღვიძილის მდგომარეობას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძილის დროს ჩვენს გონებაში მიმდინარე პროცესებიც დიდწილად სწორედ სიფხიზლეში შესული ინფორმაციის გავლენისა და ზემოქმედების ქვეშ რჩება. საინტერესოა მაინც ასეთი რა დაუშრეტელი და მუდმივი წყარო გააჩნია ფიქრებს, რომლის მეშვეობითაც ერთი მეორეს მიყოლებით წამებში იბადება და ქრება. ვფიქრობ, ამის დასადგენად სავსებით საკმარისია უბრალოდ ისევ საკუთარ ფიქრებს დავაკვირდეთ.

ასეთ შემთხვევაში ადვილია იმის შემჩნევა, რომ ბევრი მათგანი იბადება გარე სამყაროსთან ურთიერთობაში და ჩვენი შეგრძნებითი ორგანოების მეშვეობით. ხოლო ასევე ბევრი მათგანი იბადება საიდანღაც ჩვენი შინაგანი სიღრმეებიდან, შთაგონების, შინაგანი ხმებისა და შემოქმედებითობის მეშვეობით. ეს შეგვიძლია სხვა სიტყვებითაც ვთქვათ და ასე უფრო გასაგები გავხადოთ - ზოგი ფიქრი იბადება მატერიალურ და სოციალურ საგნებთან და მოვლენებთან მიმართებაში, ხოლო ზოგი არამატერიალურ და მეტაფიზიკურ საკითხებთან მიმართებაში. ის ფაქტი თუ უმეტესად რა ტიპის ფიქრები გვებადება გონებაში საკმაოდ ბევრს ამბობს ჩვენს პიროვნულ მდგომარეობასა და ბუნებაზე. ეს ბევრს ამბობს იმაზე, თუ რა უფრო აქტუალურია ჩვენთვის.

თვითცნობიერების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა სცადოს დააფიქსიროს ფიქრის გონებაში შემოსვლა და მასთან ერთად მისი წარმომშობი მიზეზიც. ეს საკმაოდ საინტერესო თამაშია - კითხო საკუთარ თავს თუ რატომ და როგორ გაჩნდა ესა თუ ის ფიქრი გონებაში. ლიტერატურაში არაერთგან შეგვხვედრია დევიზი „დაიჭირე წამი“, ამ თამაშს კი შეგვიძლია ვუწოდოთ „დაიჭირე ფიქრი“.
ფიქრებს აქვთ კრეაციის, შექმნისა და გამატერიალურების უნარი. ამ საკითხზე არაერთ ფილოსოფოსს თუ მისტიკოსს უმსჯელია დიდი სიღრმეებითა და სიმაღლეებით, და ვფიქრობ ამის გააზრება ადამიანს სრულიად სხვა მდგომარეობაში აყენებს. ამ აზრს მკითხველი ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ შექმნილ ვედებში შეიძლება გადააწყდეს, სადაც მოთხრობილია, რომ ადამიანები საკუთარივე ფიქრებით ქმნიან იმ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ. ეს აზრი არც მეცნიერებისთვისაა უცხო და იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ ქმნის დამკვირვებელი დასაკვირვებელ საგნებს დაკვირვებით არაერთი ექსპერიმენტი ტარდება. თუმცა აკადემიურ მსჯელობას რომ თავი დავანებოთ და მის ჩვენს ყოველდღიურობაში გამოვლინებაში დავაკვირდეთ, სულ ადვილად შევძლებთ ამის დანახვას ჩვენი ცხოვრების უამრავ ეპიზოდში. მაგალითად, თუკი ჩვენთვის რაიმე პრობლემას ან სირთულეს წარმოადგენს, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ ასე. ამიტომაცაა, რომ სხვისთვის იგივე შეიძლება სულაც არ იყოს სირთულე. თუკი ასეთ ვითარებებში შევეცდებით ამ ფიქრების დინების თუ მიდგომების შეცვლას, დავინახავთ რომ ეს პრობლემებიც სადღაც შორს გაქრებიან.
რატომ ხდება ხოლმე, რომ ბევრ ადამიანს საზღვარგარეთ წასვლა, რუტინული გარემოდან გასვლა შვებას აძლევს? ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გონება თავისუფლდება იმ ფიქრებისაგან, რომელიც მის ყოველდღიურობაში პრობლემებთან და სირთულეებთან ასოცირდება. ეგრეთ წოდებული რელაქსაცია სხვა არაფერია თუ არა სწორედ ასეთი ფიქრების გაჩერება და გაქრობა. თუმცა ეს ყველაფერი არაა და ფიქრებს გაცილებით მეტის უნარიც აქვთ. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ შეცვალონ ჩვენი რეალობა, არამედ სულაც ახალი შექმნან. ზოგი ამას მიზიდულობის კანონს უწოდებს, ზოგი ენის ყივილს, ზოგი მენტალურ ალქიმიას, მაგრამ შედეგი ყველასათვის ერთია - ჩვენი ფიქრები ხშირად სრულიად მატერიალურნი ხდებიან და ხორცს ისხამენ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მძაფრი და აქტუალურია იგი ჩვენს გონებაში. ასე რომ ფიქრები ქმნიან ორივეს, ჩვენს სუბიექტურ და ობიექტურ რეალობას.
ჩვენ ჩვენი ფიქრებით ყველაფერს ჩვენებურად განვმარტავთ და აღვიქვამთ და ამითი ვქმნით ჩვენს სუბიექტურ რეალობას, მაგრამ ამას გარდა ჩვენ ჩვენი ფიქრების გარეთ პროექციით ვქმნით ასევე ჩვენს გარე ობექტურ სამყაროს მუსიკის, ფერწერის, ქანდაკებების, არქიტექტურის, სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემების, ეკოსისტემების, ტექნოლოგიების და სხვათა სახით, და მეტიც... ალბათ ჩვენ ჩვენი ფიქრებით საგანთა შინაგანი წყობის, სიხშირისა და ბუნების შეცვლაც შეგვიძლია. ესეც შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ღვთის მსგავსებად და ხატებად მოაზრების კიდევ ერთ მიზეზად. ეს მოსაზრება შეიძლება ჰეგელის ფილოსოფიითაც გამყარდეს, რომელიც სამყაროს წარმოიდგენდა როგორც ღვთაებრივი გონების ფიქრების შედეგს, რომელიც ფიქრის პროცესით ქმნის სამყაროს და ამოძრავებს მატერიას.
ფიქრებს შეუძლია ასევე ადამიანთა დაკავშირება და შეკავშირება ერთმანეთთან. ეს შეგვიძლია ორგვარად გავიგოთ და ორგვარად ავხსნათ, თუმცა ორივე მათგანისათვის საერთოა დროისა და სივრცის ფენომენის სრულად გადალახვა. რამდენჯერ გვქონია განცდა, როდესაც საკუთრივ ჩვენი და ჩვენში შობილი ფიქრები ამოგვიკითხავს ქვეყნის სრულიად სხვა კუთხესა და დროში მცხოვრები ადამიანის ნააზრევში. ყოველი ასეთი დამთხვევა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ამ ფიქრების მატარებელი ადამიანი მსგავსნი და ერთგვარი მეგობრებიც არიან, რამდენადაც იზიარებენ საერთო ხედვებს, საერთო ფიქრებს. ასეთ ავტორებთან ჩვენ უდიდეს სიახლოვეს განვიცდით, უდიდეს ნდობას და უდიდეს შინაგან კავშირს.
მსგავსი რამ ხშირადვე ხდება ჩვენს აწმყოშიც, როდესაც შევხვდებით ადამიანს, რომელთანაც სულ მალე ვამყარებთ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას ალბათ ასევე არაერთხელ დაგვიფიქსირებია როგორ ერთდროულად გაგვჩენია მსგავსი ფიქრები, როგორ უთქმელად ამოგვიცვნია ერთმანეთის ზრახვები, როგორ გაგვიკეთებია ის, რაც ასეთ ადამიანს უთქმელად უთხოვნია ჩვენთვის და როგორ გვიგრძვნია ერთმანეთის შინაგანი მდგომარეობა. ეს ტელეპათიაა, ანუ ინფორმაციის გადაცემა ფიქრის დონეზე ყოველგვარი სიახლოვისა და ვერბალური თუ არავერბალური თუ რაიმე ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების გარეშე. ასეთი ტელეპატიებით სავსეა ჩვენი ცხოვრება და ასეთი შემთხვევები ქმნიან ადამიანთა ერთობებს.
იმ ადამიანთა ჯგუფებს, რომელთა ფიქრებიც მსგავს სიხშირეზეა მომართული და მსგავსი ბუნებითა თუ მიმართულებით, მსგავსი გაქანებით გამოირჩევა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ვეცადოთ დავაკვირდეთ საკუთარ ფიქრებს, ფეხი ავუწყოთ მის სისწრაფეს, გავარკვიოთ მისი წარმომავლობა და ვეძებოთ ასეთი ფიქრების მიმღები ადამიანები. ეს მხოლოდ გაგვძლიერებს და გაგვამთლიანებს.
ამ ყველაფერთან ერთად ფიქრებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზეც კი. ზემოთ ითქვა ფიქრების როლზე მოვლენების სირთულეებად და პრობლემად აღქმებში და ცხადია, რაც უფრო მეტად აღვიქვამთ საკითხებს ამგვარად, მით მეტად იზრდება სტრესი. სტრესი კი რა გავლენასაც ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან ადვილი ამოსაკითხია ნებისმიერ მსგავს ლიტერატურაში.
მედიცინასა და ფსიქოლოგიაში ცნობილია პლაცებოს ეფექტი, რაც სხვა არაფერია თუ არა, სწორედ ფიქრის ჯანმრთელობაზე გავლენის კიდევ ერთი დადასტურება. მედიკოსებისათვის არაა უცხო გამოცდილება, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობა გაუარესებულა ან გუმჯობესებულა პაციენტის დამოკიდებულებებიდან გამომდინარე. თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძლიერი ცნობიერების მქონე ადამიანები და ბედნიერების განცდის მქონე ადამიანები უფრო ძლიერნი არიან დაავადებებთან საბრძოლველად და ისინი ან შედარებით უფრო იშვიათად ავადდებიან ან შედარებით უფრო ადვილად გამოჯანმრთელდებიან.
ჩვენი ფიქრები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს ჰორმონალურ მდგომარეობას, რაც ადვილად შეიძლება გახდეს ორგანიზმში ჰარმონიისა და ბალანსის დარღვევის მიზეზი და ბოლოს მორიგი დაავადების საბაბი გახდეს. ასე რომ ფიქრების დაოსტატება სხვა უამრავ საკითხთან ერთად ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი ჯანმრთელობის შემთხვევაშიც.
ზემოთ ორიოდე სიტყვა ითქვა ფიქრთა წარმომავლობაზე და იმაზე, თუ როგორ მეტყველებენ მათი წარმომავლობა თავად ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე და, შესაბამისად, თავად ადამიანზე. აქ, ვფიქრობ, აუცილებელია ფიქრებთან დაკავშირებული ძალიან დიდი პრობლემის აღნიშვნაც - ესაა ფიქრების თავისუფლება, ან თავისუფლება ფიქრებში. თუკი ჩვენ დანამდვილებით გვეცოდინებოდა, რომ ადამიანი ფიქრებში აბსოლუტურად თავისუფალია, მაშინ დანამდვილებდით შევძლებდით იმის თქმასაც, რომ ფიქრები თავად მეტყველებენ ადამიანის უშინაგანეს ბუნებაზე. მაგრამ განა კი ვართ ასეთი თავისუფლები ფიქრებში? შეიძლება თუ არა, რომ ჩვენი ფიქრები განპირობებული იყოს ჩვენი ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან, ბიოლოგიური მოთხოვნილებებიდან, ჩვენი ვნებებიდან და სურვილებიდან, გარემო პირობებიდან და იდეოლოგიური სისტემებიდან, ჩვენი აღზრდიდან და კულტურის ნორმებიდან, ჩვენი არაცნობიერი თუ ქვეცნობიერიდან? ალბათ კი... უფრო სწორად აქ „ალბათ“ ზედმეტია და უნდა გვეთქვა რომ დანამდვილებით კი.
წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია ადამიანი თავისუფალი იყოს ამ ყოველივე განმაპირობებელი ფატორებისაგან, რომ შემდგომ მისი ფიქრებიც იყოს ნამდვილად თავისუფალი. ამგვარი თავისუფლება ალბათ მხოლოდ უკიდურეს ერთეულთა ხვედრი და მონაპოვარია.
და ბოლოს მინდა შევეხო ფიქრების გაორების საკითხს და წარმოვადგინო იგი ზნეობის საკითხთან მიმართებაში. ეს პრობლემა შეიძლება ასე დაისვას - ნებისმიერ ადამიანს ჰქონია თავში ისეთი ფიქრები, რომელიც „არ უნდა ჰქონოდა“ და რომელიც დაუმალია თავისი პიროვნების ბნელ კუთხეებში ისევ კულტურისა თუ საზოგადოებრივი ფასეულობების ზეწოლის შედეგად.
ბევრს გვიფიქრია ისეთ ქცევაზე რისი ჩადენც ვეღარ გაგვიბედავს, ან არ გაგვიკეთებია იმიტომ რომ თავად ჩაგვითვლია ამორალურად. აქ შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა - მორალურია თუ არა ადამიანი, რომელსაც თავში ამგვარი „აკრძალული“ ფიქრები მოსვლია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ამ ეტაპზე არ უნდა გავჩერდეთ და ვნახოთ თუ რამოყვა ასეთ ფიქრს. თუკი ასეთ ფიქრს მოყვა ქმედება, მაშინ საქმე მარტივადაა და შეგვიძლია ვთქვათ რომ კი, ეს ადამიანია ამორალურია. მაგრამ თუკი მან მხოლოდ გაიფიქრა მაგრამ ამას არ მოყვა ქმედება? აქ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მაშინ იგი ნახევრად მორალურია, რადგანაც იგი გულის სიღრმეში ამ ამორალურობას ატარებს. თუმცა მე ამას ვერ დავეთანხმებოდი და ვიტყოდი რომ, ასეთი ადამიანი არა ნახევრად, არამედ სრულად მორალურია და შევეცდები განვმარტო რატომ. ასეთი ფიქრების დროს ადამიანის გონებაში ჩნდება მეორე ფიქრი, რომელიც აღმოცენდება სწორედ ამ პირველ, ამორალურ ფიქრზე რეფლექსიად და ადამიანიც სწორედ ამ მეორადი ფიქრის მეშვეობით წყვეტს რა უყოს თავის პირველ ფიქრს.

მე ვფიქრობ სწორედ ეს მეორადი ფიქრი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე პირველი, და იგი გაცილებით მეტს ამბობს ადამიანზე ვიდრე პირველი, რადგანაც იგი ადამიანის არჩევანის შედეგია, ხოლო პირველი ბუნებრივი და უპიროვნო. ადამიანის პიროვნება სწორედ ამ მეორე ფიქრში ვლინდება და არა პირველში, რადგანაც პირველი ადამინთა აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი და იგივე აქვს საერთო ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე.
ფიქრები უდავოდ უზარმაზარი საკითხია და მისი ამოწურვა ერთი გონების ფარგლებში ალბათ შეუძლებელიცაა. მასზე ფიქრი შეიძლება მუდმივად, რასაც ასევე მუდმივი და ბრწყინვალე აღმოჩენები შეიძლება მოჰყვეს.
ამ ესეშიც მხოლოდ ორიოდე სიტყვა ითქვა მისი სისწრაფისა და მუდმივი დენადობის, მისი წარმომავლობის მნიშვნელობის, მისი მატერიალიზაციისა და ტელეპატიის უნარის, მისი ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენის, მისი თავისუფლებისა და ზნეობასთან თუ მორალთან მიმართების საკითხებზე, თუმცა ცხადია ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. მიუხედავად ამისა, მაინც ვიმედოვნებ, რომ საკმარისად დიდი იმპულსი გამოგვივიდა ამ საკითხზე მომდევნო ფიქრების აღსაძვრელად და მის არსთან მისაახლოებლად. საამისოდ კი აუცილებელია „დავიჭიროთ ფიქრები“ და დავუსვათ რაც შეიძლება მეტი შეკითხვა - საიდან მოვიდა, რა ფორმისაა და საით მიდის.
7.04.2016
თორნიკე ჩარგეიშვილი
წყარო : https://www.facebook.com/notes/tornike-chargeishvili/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/1163424257024752/

Comments